იაკობ ნიკოლაძე (1876 ქუთაისი - 1951 თბილისი) — ქართველი მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში და ბათუმის ოსტატთა სასწავლებელში მექანიკის სპეციალობით. ხატვის ნიჭი დაეხმარა მას შესულიყო ტექნიკური ხატვის სტროგანოვის ცენტრალურ სასწავლებელში, მოსკოვში (1892-94), შემდეგ მიტროფანე გრელოვის სახელობის ოდესის სამხატვრო სასწავლებელში (1894-95, 1897-98), დაბოლოს, პარიზის ნატიფ ხელოვნებათა სკოლაში (1899-1901, 1904-10). წელიწადზე მეტ ხანს (1906-07) მუშაობდა ოგიუსტ როდენის ასისტენტად, რომლის ყურადღება მიიპყრო თავისი ქანდაკებით »ქარი« (1905). ავტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21) სახელმწიფო დროშის. საქართველოში ბოლშევიკთა ხელისუფლრბის დამყარების შემდეგ (1921), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას რჩევით, უარი თქვა ემიგრაციაზე. 1922 ნიკოლაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის პირველი პედაგოგი გახდა. პარიზში (1908) ლენინის მიტინგზე გამოსვლის შთაბეჭდილებებით შექმნა ქანდაკება »ლენინი »ისკრის« შექმნის პერიოდში« (1947, დაწყებულია 1926). ნიკოლაძის ნამუშევრებია: »მოხუცი ებრაელი« (1896), »სალომე« (1906), »მწუხარე საქართველო (1913, ქანდაკება ილია ჭავავაძის საფლავზე), »ნოე ჯორდანია« (1919), »როზა ლუქსემბურგი« (1922, დაკარგულია), »აკაკი წერეთელი« (1924), »კამო« (1924), გორიელეფები მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფასადზე (1937), »ჩახრუხაძე« (1948, ბოლო დასრულებული ნამუშევარი) და სხვა. ნიკოლაძე ორჯერ (1946, 1948) იყო პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი, აგრეთვე, სხვა ჯილდოებისაც. ავტორმა მრავალი დაუსრულებელი ნამუშევარი დატოვა: »უბისის ფრესკა«, »ნელი ჩიქოვანი«, »თამარ მეფე« და სხვა.