პიერ პაოლო პაზოლინი (1922-1975) – იტალიელი კინორეჟისორი, კრიტიკოსი, პოეტი და მწერალი. 1940-იან წლებში აქვეყნებს პირველ პოეტურ კრებულებს. 1957 წელს მუშაობს სცენარზე ფედერიკო ფელინის ფილმისთვის »კაბირიას ღამეები«, 1961 წელს კი ეკრანებზე გამოდის მისი პირველი ფილმი »აკატონე«. პაზოლინი იყო იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი, საიდანაც გარიცხეს »ჰომოსექსუალიზმის« გამო. მიუხედავად ამისა, ის სიცოცხლის ბოლომდე ამ პარტიას დაუფარავად უჭერდა მხარს. ამავე დროს, იგი იყო რელიგიურად განწყობილი პიროვნება, თუმცა კათოლიციზმისა და ინსტიტუციური რელიგიების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა. პაზოლინის შემოქმედებაში კრიტიკის და ანალიზის მთავარი საგანია ძალაუფლება და მისი რადიკალური ფორმები, რელიგია, ჰომოსექსუალობა, სოციალურად დაუცველი დაბალი ფენები და საზოგადოების მარგინალური ჯგუფები. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იგი თავის ნარკვევებში »პოსტფაშისტურ« საზოგადოებაზე. პაზოლინის წინააღმდეგ მრავალჯერ აღიძრა საქმე. განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა მისი უკანასკნელი ფილმი, მარკიზ დე სადის ნაწარმოების ეკრანიზაცია »სალო, ანუ სოდომის 120 დღე« (1975), სადაც რეჟისორი ძალაუფლების რეპრესიულ მექანიზმებს და ადამიანის ბარბაროსული განადგურების მისწრაფებებს განიხილავს. პაზოლინი სასტიკად მოკლეს 1975 წლის 2 ნოემბერს ოსტიაში, რომთან ახლოს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი დააპატიმრეს, ეს დანაშაული დღემდე არ არის ბოლომდე გამოძიებული.