სოსო დუმბაძე (1981) – ცხოვრობს და მუშაობს კელნში და თბილისში. კინო და მედიახელოვნება შეისწავლა კელნის მედიების ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში (Academy of Media Arts Cologne, დიპლომი 2011). მისი დისერტაცია (2020), ეხება ქართულ-რუსულ კინოავანგარდს პოლიტიკურ ესეი ფილმთან მიმართებაში, ჰამბურგის სახვითი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი (University of Fine Arts of Hamburg). 2021 წლიდან დუმბაძე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი; 2023 წლიდან ამავე ინსტიტუტის აუდიოვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი.
დუმბაძის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო: The Art and Exhibition Hall of the Federal Republic of Germany (Bundeskunsthalle), Art Cologne, Kuenstlerhaus Bethanien Berlin, New Talents – Biennale და სხვა. მისი ვიდეოინსტალაცია »პარალელები ერთ ომზე« (2011) შესყიდულ იქნა ქალაქ კელნის კოლექციისათვის დოქ. ბარბარა ენგელბახის კურატორობით Ludwig Museum-იდან. დუმბაძის ვიდეოინსტალაციის შესახებ »ყვითელი ავტობუსი« (2017) დაიწერა ჟურნალში Frieze, გაზეთში Frankfurter Allgemeine Zeitung და სხვა. მისი ფილმები ნაჩვენები იქნა IDFA-ზე, Dok-Leipzig-ზე, First Look-ზე MOMI-ში ნიუ-იორკი და სხვა.
დუმბაძე თბილისში ორგანიზებას უწევს კინოსემინარებს საერთაშორისო რეფერენტებით. 2006 წელს მან დააარსა »საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.«, სადაც გამოიცა 20 წიგნი ისეთი ავტორების, როგორებიც არიან: ვალტერ ბენიამინი და თეოდორ ვ. ადორნო, სერგეი ეიზენშტეინი და ძიგა ვერტოვი, პიერ პაოლო პაზოლინი, აგერთვე, თანამედროვე კინოხელოვნებიდან, ჰარუნ ფაროკი და კრის მარკერი და სხვა. სოსო დუმბაძე თავისი მონოგრაფიით »კოტე მიქაბერიძე« (ქართულად 2017, ინგლისურად 2018, რეალიზებული ნინო ძანძავასთან ერთად) პრეზენტაცია-მოხსნებებით წარსდგა: პომპიდუს ცენტრში, პარიზი (Centre Georges Pompidou), გერმანიის კინომუზეუმში (ფრანკფურტი), ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და სხვა.