თეოდორ ვიზენგრუნდ ადორნო (1903-1969) – ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, მუსიკის თეორეტიკოსი და კომპოზიტორი, »კრიტიკული თეორიის« ერთ-ერთი ძირითადი წარმომადგენელი. 1920-1930-იან წლებში აქვეყნებდა მუსიკალურ კრიტიკებს და ნარკვევებს »სოციალური კვლევის ჟურნალში«. 1938 წელს »სოციალური კვლევის ინსტუტუტის« დირექტორის, მაქს ჰორკაიმერის, დახმარებით წავიდა ემიგრაციაში და »ფრანკფურტის სკოლის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ლოს ანჯელესში მოღვაწეობდა. აქ ადორნომ ჰორკჰაიმერთან ერთად დაასრულა »განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები«. 1949 წელს დაბრუნდა გერმანიაში, ფრანკფურტში, და, როგორც დირექტორის მოადგილემ, დიდი წვლილი შეიტანა »სოციალური კვლევის ინსტი-ტუტის« ხელახლა ჩამოყალიბებაში. ადორნო მონაწილეობდა 1968 წლის სტუდენტური მოძრაობის დებატებში. მისი კრიტიკა ეფუძნება ჰეგელის, კანტის, ნიცშეს, მარქსის და ფროიდის სწავლებებს, ასევე, ვენის მეორე სკოლის »ახალ მუსიკასა« და თანამედროვე ავანგარდის ლიტერატურას. მთავარი თემებია: ბატონობა თანამედროვე საზოგადოებაში, ავტორიტარიზმი, ანტისემიტიზმი და ინდივიდის ბედნიერების რეალიზაციის შესაძლებლობის თითქმის გაუჩინარება. ადორნო თანამშრომლობდა მაქს ჰორკჰაიმერთან, ზიგფრიდ კრაკაუერთან, ვალტერ ბენიამინთან, ედუართ შტოიერმანთან და ალბან ბერგთან. სხვა ძირითადი შრომებია: »ნეგატიური დიალექტიკა«, »მინიმა მორალია. რეფლექსიები დაზიანებული ცხოვრებიდან«, »ახალი მუსიკის ფილოსოფია«, »ჩანაწერები ლიტერატურაზე«, »კირკეგორი«. ადორნოს გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული »ესთეტიკური თეორია« მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ესთეტიკურ მონოგრაფიად ითვლება.