ჰარუნ ფაროკი (დაბ. 1944 წელს ნოვი იჩინში (ჩეხოსლოვაკია), გარდ. 2014 წელს ბერლინში) – კინოდოკუმენტალისტი, კინოესეისტი და კინოკრიტიკული წერილების ავტორი. 1966 წლიდან 1968 წლამდე იყო ბერლინის გერმანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (dffb) პირველი სასწავლო ნაკადის წარმომადგენელი, საიდანაც, პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავის მეგობრებთან ერთად (მათ შორის, ჰარტმუტ ბიტომსკი) გამოაძევეს. 1969 წლიდან ფაროკი მეგობრებთან ერთად იღებს დოგმატურ მარქსისტულ ფილმებს (მათ შორის, ფილმს »ჩაუქრობელი ცეცხლი«). ფაროკი თავის შემოქმედებაში ამუშავებს მომხმარებლური საზოგადოებისა და ომის, აგრეთვე, სხვადასხვა სახის პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენების თემებს. ხშირად იყენებს მონტაჟის სპეციალურ ტექნიკას. კონცეფციური თვალსაზრისით მკაცრად ორგანიზებულ მისი ნაშრომების ნიმუშებია ადრინდელი პოლიტიკური სააგიტაციო და ბრეხტიანული ე.წ. »სასწავლო ფილმები« (Lehrfilme), კინოესეები და სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები. 1974-1984 წლებში იგი ჟურნალ »ფილმკრიტიკის« (Filmkritik) რედაქტორია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მის ფილმებს ემატება გამოფენებისა და მუზეუმების კონტექსტში განხორციელებული ვიდეოინსტალაციები პოლიტიკურ და კინოს თეორიის საკითხებზე. მრავალი წლის განმავლობაში იყო კრისტიან პეტცოლდის ფილმების მრჩეველი დრამატურგიის ხაზით. არის 90-მდე ფილმის ავტორი.