დავიდ ვიტენბერგი ეკუთვნის იმ გერმანელ რეჟისორებს, რომლებმაც დოკუმენტური ფილმი 1960-იან წლებში აღმოაჩინეს. ვიტენბერგი უკავშირდება ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან ჰარტმუნტ ბიტომსკი, ჰარუნ ფაროკი, გუნტერ პეტერ სტაშეკი, რომლებთანაც იგი პოლიტიკურ და ესთეტურ საკითხებზე მოსაზრებებს აქტიურად ცვლიდა. 1970 წელს იგი, როგორც მსახიობი, მონაწილეობდა სტაშეკის ფილმში »ლაბრიოლა«. დავიდ ვიტენბერგმა ფრანკფურტის უნივერსიტეტში შეისწავლა ლიტერატურმცოდნეობა და ფილოსოფია ცნობილ პროფესორებთან, მათ შორის თეოდორ ვ. ადორნოსთან. 1960-იანი წლების დასაწყისში მან იმოგზაურა ჰოლანდიაში, დანიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში, სადაც აგროვებდა ემიგრანტულ ლიტერატურას. იგი მუშაობდა იტალიური და ფრანგული ენების მთარგმნელად, გამომცემლებისთვის ამზადებდა ლიტერატურულ რეკომენდაციებს, წერდა კრიტიკულ ტექსტებს სხვადასხვა გაზეთისათვის, მათ შორის: »diskus«, »links«, »Ästhetik und Kommunikation«, »Frankfurter Rundschau« და, ასევე, რადიოსთვის. მისი ფილმები იქმნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი არხებისათვის და, როგორც თავისუფალი რეჟისორი, ის ასევე ქმნიდა დოკუმენტურ ფილმებს მუშათა მოძრაობის კონფლიქტებზე. 1980-იანი წლების დასაწყისიდან განავითარა საკუთარი მკაფიოდ გამოკვეთილი ფორმა ესეი ფილმისა. ეს ფილმები იხსენებენ ისეთ მოაზროვნეებს, როგორებიცაა, მაგალითად: ბარუხ სპინოზა, ფრიდრიხ ნიცშე, კარლ კრაუ, ფრიდრიხ ჰოლდერლინი, ჰაინრიხ ჰაინე, უვე იონსონი და ვალტერ ბენიამინი. მისი უახლესი ფილმი »ვალტერ ბენიამინი – მეგობრობის ისტორიები« შეიქმნა 2010 წელს.