ძიგა ვერტოვი (1896-1954, დენის არკადიევიჩ კაუფმანი) – მისი ფსევდონიმი მომდინარეობს პოლონური »ძიგა«-დან (ჩიკორი, ბზრიალა) და რუსული »вертеться«-დან (ბრუნვა). ვერტოვი სწავლობდა სამხედრო მუსიკალურ სკოლაში და ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში. 1918 წლიდან მუშაობს კინოჟურნალ »კინო ნედელიას« მემონტაჟედ; 1920 წლიდან ხდება რეჟისორ-დოკუმენტალისტი და კინოჟურნალ »კინოპრავდას« ინიციატორი. 1923 წელს აარსებს შემოქმედებითი ჯგუფს »კინოკები«; 1929 წელს იღებს ფილმს »ადამინი კინოაპარატით«, რომელიც დღესაც დოკუმენტური კინოს ორიენტირად რჩება. მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობს გადაღებებს ფრონტზე; არის ავტორი ერთ-ერთი უპირველესი ხმოვანი დოკუმენტური ფილმისა »ენთუზიაზმი: დონბასის სიმფონია« (1930). უკრაინაში გადასვლის შემდეგ ხელმძღვანელობს კიევის კინოფაბრიკას »ვუფკუ« (1927-1930). სტალინიზმის პერიოდში ვერტოვს სდევნიან – ცენზურა მის მრავალრიცხოვან კინოსცენარებს არ ამტკიცდებს, რის შედეგადაც იგი კრიზისს განიცდის. 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვერტოვი მუშაობს კინოჟურნალის »დღის ახალი ამბები« რეჟისორ-მემონტაჟედ. მისი ფილმების თანარეჟისორი და ასისტენტია – მემონტაჟე ელიზავეტა სვილოვა, მისი მეუღლე. ვერტოვის ფილმებია: »მსოფლიოს ერთი მეექვსედი« (1926), »მეთერთმეტე« (1928), »სამი სიმღერა ლენინზე« (1934), »იავნანა« (1937) და სხვა.