კონსტანტინე (კოტე) მიქაბერიძე (1896, ტემრიუკი, კრასნოდარის მხარე - 1973, თბილისი) – კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და დუბლაჟის რეჟისორი. 1918 წლიდან მსახიობად მუშაობას იწყებს ქუთაისის და ბათუმის თეატრებში, 1920-იანი წლებიდან კი თბილისის დრამატულ სტუდიაში. 1921 წლიდან იღებენ ფილმებში. 1928 წელს სახკინმრეწვში წარადგენს თავის პირველ სცენარს დოკუმენტური ფილმისათვის »რთველი« (განუხორციელებელი), რომელიც ძიგა ვერტოვის »კინო-თვალის« კონცეფციას ეყრდნობოდა. 1929 წელს იღებს კინოსატირას ბიუროკრატიაზე »ჩემი ბებია«, რომელიც 1967 წლამდე აკრძალული იყო. 1936 წელს ახორციელებს »ვეფხისტყაოსნის« ერთ-ერთი ეპიზოდის იმდროისათვის ექსპერიმენტულ ეკრანიზაციას – »ქაჯეთი«. 1957 წლიდან საქართველოს სსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ანტისაბჭოთა საქმიანობისა და აგიტაციისთვის პატიმრობაში ატარებს ორ წელს. პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობს თბილისის კინოსტუდიაში დუბლიაჟის რეჟისორად, სადაც 50-მდე ფილმი აქვს ქართულად დუბლირებული. რეპრესირებულ რეჟისორს არ გადაუღია არცერთი ფილმი. მისი სხვა ფილმებია: »რასაც დასთეს, იმას მოიმკი (აგრომინიმუმი)« (1930, კულტურფილმი), »ჰასანი« (1932, სოციალური დრამა), »დაგვიანებული სასიძო« (1939, კინოკომედია), »ფორპოსტი« (1941, საომარი ფილმი), »ზურიკო და მარიკო« (1951, ანიმაციური ფილმი), »ალბანეთის დელეგაცია საქართველოში« (1952, კინოჟურნალი). მისი კინოროლებია: მუშა-რევოლუციონერი (»არსენა ჯორჯიაშვილი«, 1921), სიკო (»ვინ არის დამნაშავე?«, 1925), გალიფელი (»უკანასკნელი მასკარადი«, 1934) და სხვა.