სერგეი ეიზენშტეინი (1898-1948) – რეჟისორი და თეორეტიკოსი. 1915 წლიდან სწავლობს პეტროგრადში სამოქალქაო ინჟინრობას. 1918 წლიდან მუშაობს წითელ არმიაში. 1920 წელს იწყებს იაპონური ენის შესწავლას, რამაც გავლენა იქონია მის კინოთეორიულ ხედვებზე. 1921 წელს ხდება თეატრ »პროლეტკულტის« კოლეგიის და ვსევოლოდ მეიერჰოლდის სახელოსნოს წევრი. 1923 წელს დგამს სპექტაკლს »ბრძენი«, რომელიც მოიცავდა მის პირველ კინონოველას »გლუმოვის დღიური«. მისი რევოლუციური კინოტრილოგიაა – »გაფიცვა« (1925), »ჯავშნოსანი პოტიომკინი« (1925) და »ოქტომბერი« (1928). 1926 წელს სტალინის მოთხოვნით იწყებს მუშაობას ფილმზე »გენერალური ხაზი« (1929). 1930 წლიდან მოგზაურობს ამერიკაში; მექსიკაში იღებს ფილმს »Que viva Mexico!« (დაუსრულებელი) – მოგზაურობას წყვეტს სტალინის მოთხოვნით. 1932 წელს მოგზაურობს საქართველოში მომავალ მეუღლესთან, ვერა ატაშევასთან ერთად. 1937 წელს მუშაობს წიგნზე »მონტაჟი«; ხდება »ВГИК«-ის პროფესორი, საიდანაც »ბეჟინის მდელოს« (1935-1937, განადგურებულია) აკრძალვის შემდეგ დაითხოვენ და აღადგენენ 1939 წელს, როდესაც »ალექსანდრე ნეველის« (1938) გადაღების შემდეგ მიიღებს ლენინის ორდენს. 1945 წელს »ივანე მრისხანეს« I ნაწილისათვის ანიჭებენ სტალინურ პრემიას, ხოლო ამ ფილმის II ნაწილს 1946 წელს აკრძალავს »ЦК«. ეიზენშტეინი გარდაიცვალა 1948 წელს გულის შეტევით 50 წლის ასაკში.