გერმანე გოგიტიძე (1886-1960) – ქართული კინოწარმოების ერთ-ერთი პიონერი. უმაღლესი განათლება მიიღო საფრანგეთში. 1914 წელს ოზურგეთში თავისივე თანხებით ააშენა თეატრი, რომელიც შემდეგ კინოთეატრ »ილუზიონად« გადაკეთდა. 1916 წელს რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად გადაიღო პირველი ქართული მხატვრული ფილმი »ქრისტინე«. 1921 წლიდან სათავეში ჩაუდგა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას. 1923 წლიდან »სახკინმრეწვის« შექმნის შემდეგ იყო მისი დირექტორ-განმკარგულებელი. 1949 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ა მუხლის (სამშობლოს ღალატი) საფუძველზე დააკავეს და კომის ასსრ-ში მდებარე შრომა-გასწორების ბანაკში (მინლაგი) გადაასახლეს, საიდანაც 1956 წელს დაბრუნდა. გოგიტიძე იყო რეაბილიტირებული, თუმცა მას შემდეგ იგი ქართულ კინოწარმოებაში აღარ მონაწილეობდა. გოგიტიძის დამსახურებაა, რომ საქართველოში კინოწარმოებამ ინსტიტუციური ხასიათი მიიღო.