გამომცემლობა დაარსდა 2006 წელს, როგორც »არაკომერციული გაომცემლობა საგა« და სახელწოდებიდან გამომდინარე, ატარებდა არაკომერციულ ხასიათს. დროთა განმავლობაში, გამომცემლობის პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდა, საზოგადოებრივი ინსტიტუციების გარდა, წიგნის მაღაზიებშიც. შესაბამისად, 2013 წელს განახლდა და დაზუსტდა მისი სახელწოდება: »საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.«, რომელიც ხაზს უსვამს, რომ გამომცემლობა კვლავაც არაკომერციულ მიზნებს ემსახურება.
გამომცემლობის სახელწოდება »სა.გა.« მომდინარეობს გამომცემლობის დამაარსებლის – სოსო დუმბაძის – და მისი ბავშვობის პერიოდის თანამოაზრეების მიერ საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში ერთად გამოცემული ამავე სახელწოდების თვითნაკეთი სა[sic!]ბავშვო გა[sic!]ზეთიდან. ამ გაზეთის თანაგამომცემლების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი გახდა მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელი, ნაწილი კი ნახევრადკრიმინალი და დღეს ისინი არიან თბილისის საზოგადოების იმ თაობის წარმომადგენლები.
საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. საქმიანობას იწყებს 2006 წელს, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მედია-სივრცე, საზოგადოების ფონზე, გაძლიერებულ ინდუსტრიალიზაციას და სტანდარტიზაციას განიცდის. ერთ-ერთ ადრეულ გამოცემას, სხვა თარგმანებთან ერთად, წარმოადგენს ფილოსოფოს ვალტერ ბენიამინის გერმანულიდან ქართულად პირველად გამოქვეყნებული ტექსტი »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-1936). ავტორი იაზრებს, თუ როგორ ქრება თანამედროვე საზოგადოებაში ხელოვნების ნაწარმოების »აურა« მისი ტექნიკური საშუალებებით რეპროდუქციის შედეგად. ტექნიკური მედია ბენიამინის კრიტიკის მთავარი საგანი ხდება, თუმცა განუმეორებლობის დაკარგვის ტენდენციას ხელოვნებასა და ინდივიდის ცხოვრებაში იგი კაპიტალის საზოგადოებრივ ურთიერთობას არ უკავშირებს.
2010 წელს გამომცემლობა იწყებს მუშაობას კრიტიკული თეორიის ცენტრალური წარმომადგენლების, ფრანკფურტში სოციალური კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელების მაქს ჰორკჰაიმერისა და თეოდორ ვ. ადორნოს წიგნზე »განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები« (1944-1947, 1969). ნარკვევი საფუძველს უყრის მსოფლმხედველობრივი მარქსიზმისა და ბურჟუაზიული საზოგადოების ძირეულ კრიტიკას.
ასეთი ავტორების ნააზრევთა მკითხველისათვის მიწოდება გამომცემლობას მნიშვნელოვნად მიაჩნია, განსაკუთრებით ისეთი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც დამოუკიდებელი, კრიტიკული თეორიიდან გამომდინარე აზროვნება, ჯერაც იშვიათია, ხშირად კი მარქსიზმ-ლენინზმის დოქტრინასთან ერთად თავად მარქსისა და სხვა კრიტიკული თეორეტიკოსების წვდომებიც უგულებელყოფილია.
გამომცემლობა მოტივირებულია შეავსოს ქართულ მედია-კინომცოდნეობაში არსებული ცარიელი სივრცეები. სა.გა. ხელს უწყობს აქტუალური შრომებისა და ქართულენოვან მკითხველებში ნაკლებად გავრცელებული მნიშვნელოვანი ნაშრომების თარგმნა-გამოცემას.
გამომცემლობა მეტწილად ორიენტირებულია საერთაშორისო კლასიკური და თანამედროვე მედია-ტექსტების გამოცემაზე. სა.გა. დიდ ყურადღებას უთმობს თანამედროვე საზოგადოებაზე რეფლექსიას პროფესიულ ლიტერატურაში.
მისი აქცენტებია: მედია – კულტურა – საზოგადოება.
გამომცემლობის ინიციატივით მოწვეული ქართველი და დასავლელი რეფერენტები ატარებენ სემინარ-ვორკშოპებს გამომცემლობის აქცენტების გათვალისწინებით; დიდი ნაწილი წიგნებისა არაკომერციულ ფასებში ვრცელდება ამა თუ იმ ორგანიზაციებსა თუ კერძო პირებს შორის სემინარ-ვორკშოპების ფარგლებში.
გამომცემლობის მიზანია, ქართულ საზოგადოებაში სადისკუსიოდ წინა პლანზე წამოწიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემური თემები, კითხვის ნიშნის ქვეშ მოაქციოს ისეთი ავტორიტარული ტენდენციები, როგორიც საქართველოშია – და ამით შექმნას საკუთარი ავტონომიური პლატფორმა.
საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. არ ისახავს მიზნად კომერციულ მოგებას. მისი პროექტები ხორციელდება დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ფონდების ფინანსური ხელშეწყობით. გამომცემლობა თანამშრომლობს საერთაშორისო და ლოკალურ ორგანიზაციებთან. მისი გამოცემები დაბალი ხარჯთაღრიცხვითაა შედგენილი, რათა მათი ფასი ხელმისაწვდომი იყოს სტუდენტებისათვის. გამომცემლობა დასაწყისში უსასყიდლოდ არიგებდა თავიანთ გამოცემებს სემინარ-ვორკშოპების ფარგლებში. გამომცემლობა თანამშრომლობს ჰონორარ-ხელშეკრულებით მეცნიერ-მუშაკთა ვიწრო წრესთან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამეცნიერო კვალიფიკაცია.
2019 წელს სა.გა. გახდა პირველი ქართული გამომცემლობა, რომელმაც შეძლო დასავლეთ ევროპაში (გერმანია და ავსტრია) წიგნის მაღაზიათა ქსელში »Buchhandlung Walther König« და მოსკოვში წიგნის მაღაზიებში »ფალანსტერი« და »გარაჟი« (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) თავისი გამოცემების დისტრიბუცია და პირველი გავიდა დასავლეთ ევროპის და რუსეთის წიგნის ბაზარზე.
დღეისათვის სა.გა.-ს სხვადასხვა პროექტებს ფინანსურად ხელი შეუწყო 30-მდე ორგანიზაციამ.
სხვადასხვა პერიოდში სა.გა.-ს პროექტების პარტნიორი და დამფინანსებელი ინსტიტუციები იყვნენ:
– გამომცემლობა ზურკამპი (გერმანია);
– გოეთეს ისნტიტუტი საქართველოს ბიურო;
– გოეთეს ინსტიტუტი ცენტრალური ბიურო (მიუნხენი);
– ეიზენშტეინის სახელობის კინოს კულტურის კვლევის ცენტრი (მოსკოვი);
– თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (თბილისი);
– თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი;
– ისრაელის მუზეუმი (იერუსალიმი);
– ისრაელის საელჩო საქართველოში;
– იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო;
– ლენფილმის ინფორმაციის და არქივის განყოფილება (სანქტ-პეტერბურგი);
– პიერ პაოლო პაზოლინის ოჯახი;
– რუსეთის გოსფილმოფონდი (მოსკოვი);
– რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა (მოსკოვი);
– საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კულტურული პროგრამა »ელისეი«;
– სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილება;
– საქართველოს ეროვნული არქივი;
– საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
– საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი;
– საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
– საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი;
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი;
– სტუდიო ლეგალე (რომი);
– ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ერევანი;
– VG BILD-KUNST (ბონი);
– ფრიდრიხ-ებერტის-ფონდი (გერმანია);
– ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე პირთა გერმანული ასოციაცია;
– ქალაქ ბოხუმის რურის უნივერსიტეტის მედიის მეცნიერების ინსტიტუტი;
– ქალაქ ბოხუმის რურის უნივერსიტეტი სტუდენტური გაერთიანება;
– ქალაქ ვენის ადამიანთა მეცნიერებათა ინსტიტუტი;
– ქალაქ მოსკოვის კინომუზეუმი;
–ღია საზოგადოება – საქართველო;
– ჰამბურგის მეცნიერებისა და კულტურის ხელშეწყობის ფონდი